суббота, 26 декабря 2009 г.

პროექტი _ "წარსულით დაფერილი აწმყო" _ კავთურას ხეობის ექსპედიცია


ა/წ 6 ნოემბერს თბილისის 178-ე საჯარო სკოლა მასპინძლობდა კავთისხეველებს. სადაც შედგა ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია დასკვნით ღონისძიებაზე მრავლად ჰყავდა სკოლას სტუმარი იმ დღეს. თბილი იყო კავთისხეველებთან შეხვედრა, განსაკუთრებით ქალბატონ ნატო ცალქალამანიძესთან, ბატონ გერისო კელაპტრიშვილთან და კავთისხეველ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან. 178-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ვიდეოფილმებით, სლაიდებით და კავთისხევში ჩაწერილი მასალებით დღიურების სახით გააცოცხლეს კავთისხევის ექსპედიციის 5 ლამაზი დღე.


178-ე საჯარო სკოლის პროექტი "წარსულით დაფერილი აწმყო" (კავთურას ხოების გამოკვლევა) ანუ _ კავთისხევის ექსპედიცია დადებითად შეაფასეს ომარ კელაპტრიშვილის მეუღლემ ციმი კელაპტრიშვილმა, გერისო კელაპტრიშვილმა, ქსელური სკოლების დირექტორებმა. ისან-სამგორის რესურსცენტრის დირექტორმა ირინე გოგონაიამ წარმატებული პროექტი უწოდა.

ვინ იყვნენ ამ ლამაზი დღეების შემოქმედნი? სკოლის დირექტორი მანანა სამხარაძე, დირექტორის მოადგილე აღმზრდელობის დარგში ნანა მოსეშვილი, პროექტის იდეის ავტორები ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი ციცინო ჯაბახიძე და ხელოვნების მასწავლებელი ირმა კელაპტრიშვილი, მუსიკის მასწავლებელი მზია კელაპტრიშვილი, ფიზიკის თამარ კამკამიძე, სკოლის საინფორმაციო მენეჯერი დარეჯან გეგეშიძე, თვალადის სკოლის დირექტორი ნატო ცალქალამანიძე, მისი პედკოლექტივი, მოსწავლეები და, რა თქმა უნდა, კავთისხეველები.


არ შემიძლია არ აღვნიშნო კიდევ ერთი რამ. ჩემს სკოლას მასპინძელი უნდა ჰყოლოდა. მე ფრთებშესხმული იმადაც ვიყავი, რომ როცა ჩვენი პროექტის შესახებ სოფელ თვალადის სკოლის დირექტორს ქალბატონ ნატო ცალქალამანიძეს ვუთხარი, ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა თანხმობა განაცხადა და არა მარტო განაცხადა დიდებული მასპინძლობაც გაგვიწია. მისი გულისხმიერების მისი გულკეთილობის, მისი ქართველობის და საერთოდ მისი პედკოლექტივისა და მოსწავლეების გარეშე, მერწმუნეთ, პროექტი ვერ განხორციელდებოდა.



ციცინო ჯაბახიძე, ქართული ენა- ლიტერატურის მასწავლებელი:
დღეები მირბიან, წლები წლებს მისდევენ, საუკუნეები იმარცვლებიან, მაგრამ ის, რაც ჩვენს წინაპრებს ჩვენთვის შეუქმნია, იმას, რასაც მათი სულის ბეჭედი აზის, დღესაც ცოცხლობს, ცოცხლობს ვიზუალურად, ცოცხლობს უხილავად, შორიდან გვეფერებიან ჩვენი წინაპრების სულები, მიდით, ხელი შეახეთ, დავიწყების მტვერი გადააცალეთ, ჩვენს სულში ჩაიხედეთ და მიხვდებით შეიგრძნობთ, იამაყებთ ქართველობითო.



ჩვენი პროექტის მიზანიც ეს იყო- წარსულით დაფერილ აწმყოში ჩვენი წინაპრების ამ ფერადი გამოსხივებისათვის მოწიწებით ხელი შეგვეხო, გამოგვეკვლია, რით სუნთქავდნენ, რა აწუხებდათ, რა უხაროდათ, რა აღაფრთოვანებდათ. კავთისხევი შემთხვევით არ აგვირჩევია. ჩვენი წინაპრების ნიჭმა უხვად დაგვასაჩუქრა ტაძრებითა და მონასტრებით, უხვად გვაჩუქა ღირსეული წინაპრები, რომელთა ნააზრევი დღესაც კვებავს ქართველობის სულიერებას. დიდი დიდაქტიკოსი გურამიშვილიც ხომ შეგვაგონებდა: "მოსწავლე უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდან მოსული, სად არის, მივა სადაო" _ ამ კუთხემ გაზარდა დიდი მკვლევარი ფოლკლორისტი ვახუშტი კოტეტიშვილი, ამ კუთხემ გაზარდა სახელოვანი მწერალი გიორგი შატბერაშვილი., ამ კუთხეში გაიზარდა ომარ კელაპტრიშვილი, სალამურზე დაკვრის დიდოსტატი. ჩვენც მათ კვალს გვინდა მივსდიოთ, მათი შრომები გვასწავლიან, როგორ შევაჩეროთ წამი, როგორ აღვწეროთ დღევანდელობა, შემდგომში, მომავალში სხვა თაობათა აწმყოს რომ დაფერავს...


ირმა კელაპტრიშვილი, ხელოვნების მასწავლებელი:
პროექტის იდეის ავტორია ქალბატონი ციცინო ჯაბახიძე, ქართული ენა- ლიტერატურის მასწავლებელი. ეს მისი მუშაობის სტილია. ყოველ ზაფხულს მოსწავლეებს დავალებად აძლევდა გაცნობოდნენ იმ სოფელს, სადაც დაისვენებდნენ. პროექტი "წარსულით დაფერილი აწმყოც" ეკა შეშაბერიძის ნაშრომზე დაყრდნობით აიკინძა. შედგა გუნდი(მასწავლებლები ციცინო ჯაბახიძე, ირმა კელაპტრიშვილი, დარეჯან გეგეშიძე). გამარჯვების სიხარული კი მაშინ განვიცადეთ, როცა ჩვენ ქვეყანას ყველზე ძალიან უჭირდა_სკოლა ლტოლვილებით იყო სავსე ,როცა კარვებით დატვირთული მანქანა მოგვადგა. ეს დიდი სიხარული იყო. დიახ, ეს ხდება მაშინ, როცა სახელმწიფოში ომია, მაგრამ განათლების სამინისტროს არ ავიწყდება გაწეული შრომა დაუფასოს სკოლას.

"წარსულით დაფერილი აწმყო" გამარჯვებული პროექტია, ჯილდო კი _ კარვები, საძილე ტომრები, ზურგჩანთები 30 მოსწავლისათვის, მაგრამ პროექტი რომ აგვემუშავებინა, ერთი რამ იყო საჭირო _ მშვიდობა, სამწუხაროდ, პროექტი განხორციელებას რუსეთ- საქართველოს ომმა შეუშალა ხელი. წელს კი საინტერესო, შთაბეჭდილებებით აღსავსე ხუთი დღე გავატარეთ კავთისხევში.

მანანა სამხარაძე, სკოლის დირექტორი:
ტურიზმი ჩემი სტიქია იყო ყოველთვის, საველე ცხოვრება, ლაშქრობები ჩემთვის უცხო ხილი არ იყო, ასეთი ცხოვრება ბევრ მეგობარს გძენს, ერთმანეთზე ზრუნვას, ერთმანეთის სიყვარულს გვასწავლის, ასეთი ცხოვრება სამშობლოს შეგაგრძნობინებს,ასეთი ცხოვრება წინაპართა ნაკვალევზე გატარებს და მათთან კავშირს აღადგენს, საბოლო ჯამში შენი სამშობლოს მცოდნედ გაქცევს, დაბოლოს, ადამიანად გაყალიბებს, ამიტომაც, როცა პროექტის გამარჯვებამ ასეთი საჩუქარი მოგვიტანა, უნდა გამომეყენებინა ეს შესაძლებლობა და ჩემი მოსწავლეებისთვის გამეცნო წარსულით ნაფერები აწმყო. რომ არა მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის გულისხმიერება, პროექტის განხორციელება გაგვიჭირდებოდა.

მზია კელაპტრიშვილი, მუსიკის მასწავლებელი:
მეც კავთისხეველი ვარ, როცა ექსპედიციის საკითხი გადაწყდა, სიამაყით ავივსე, წასვლას არაფერი ედგა წინ, მაგრამ მასპინძელი სჭირდებოდა სკოლას. როცა ჩვენი პროექტის შესახებ სოფელ თვალადის სკოლის დირექტორს ქალბატონ ნატო ცალქალამანიძეს ვუთხარი, ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა თანხმობა განაცხადა და არა მარტო განაცხადა, დიდებული მასპინძლობაც გაგვიწია. მისი გულისხმიერების, მისი გულკეთილობის, მისი ქართველობისა და , საერთოდ, მისი პედკოლექტივისა და მოსწავლეების გარეშე, მერწმუნეთ, პროექტი ვერ განხორციელდებოდა.




კავთურის ხეობის ექსპედიცია დამთავრდა, რა იქნება მერე? ეს კითხვა დაიბადა. ყველამ, ყველამ აღნიშნა, რომ პროექტი უნდა გაგრძელდეს. ამის რესურსები არსებობს, ამის სურვილი არსებობს, ამის შესაძლებლობაც გაჩნდება ალბათ..

Комментариев нет:

Отправить комментарий